Gmnoreal.ge

რა არის SEO და როგორ ეხმარება ის ბიზნესს წარმატებაში?

თანამედროვეობაში რთულად მოიძებნება ისეთი ბიზნესი, რომელიც ციფრულ სამყაროში ინტეგრაციასა და ინტერნეტის შესაძლებლობების გამოყენებას არ საჭიროებს. სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის მწარმოებლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ, თუმცა მათ ერთი ფუნდამენტური რამ აერთიანებთ — ყველას სურს თავისი გაყიდვები და კომპანიის ცნობადობა გაზარდოს. მნიშვნელობა არ აქვს, რესტორნის ბიზნესი გაქვთ, თუ ტექნიკის მაღაზიას ფლობთ, თქვენ აუცილებლად გენდომებათ, რომ მეტი პროდუქტი გაყიდოთ, შესაბამისად, მეტი მოგება მიიღოთ.

დღეს ამ მიზნის მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების და შესაძლებლობების გამოყენების გარეშე საკმაოდ რთულია. ადამიანების უდიდესი ნაწილი სასურველ სერვისებს და პროდუქტებს სწორედ ინტერნეტში, გუგლისა და სხვა საძიებო სისტემების დახმარებით პოულობს. ამ დროს კი, თუ თქვენი ბიზნესის ლინკი პირველსავე გვერდზე არ გამოჩნდება, პოტენციური კლიენტები კონკურენტებს აირჩევენ და შემოსავალსაც დაკარგავთ. მომხმარებლებისთვის პირველი არჩევანი რომ იყოთ,  საკმარისი არ არის მხოლოდ კარგი სერვისსა თუ პროდუქტის ფლობდეთ. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ცნობადობა, რომელსაც ინტერნეტის გარეშე ვერ მიაღწევთ.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება SEO (Search Engine Optimization), რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანია მომხმარებლებს ყოველთვის პირველ ადგილას ხვდებოდეს და კონკურენტებს თქვენთან პაექრობას ურთულებდეს.

მოდით, გავარკვიოთ, რა არის SEO და როგორ მუშაობს ის.

რა არის SEO?

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც სამყაროში არსებულ ყველა წიგნს აერთიანებს. ასეთი ბიბლიოთეკა მსოფლიოში რამდენიმეა, თუმცა ზოგს მეტი მომხმარებელი ჰყავს, ზოგს – ნაკლები. ასეთი ტიპის ბიბლიოთეკების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იცოდნენ, რა და როგორ წერია ყველა წიგნში, რომელიც ოდესმე დაწერილა. როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს ბიბლიოთეკამ? – ამისთვის მას სჭირდება სისტემა, რომელიც ავტომატურად ცნობს ყველა იმ წიგნს, რომელიც მის ბაზაში მოიპოვება, რათა მომხმარებლებს სასურველი მასალის პოვნაში დაეხმაროს. სწორედ ასე მუშაობს საძიებო სისტემები – Google, Bing და სხვები. ისინი არიან ინტერნეტის ბიბლიოთეკები, რომლებიც ვებში არსებული ყველა საიტის შესახებ ფლობენ ინფორმაციას. საძიებო სისტემებს სპეციუალური ალგორითმი აქვთ, რომელსაც სასურველი შედეგების ძიებისთვის იყენებენ. სწორედ მას უნდა მოარგოთ თქვენი კომპანიის პოპულარიზაციის პროცესი.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დეტექტიური რომანების მწერალი ხართ, რომელსაც სურს, რომ მისი წიგნი დეტექტივებით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს მაშინ, როცა თქვენ უამრავი კონკურენტი გყავთ? – თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, ადამიანები რა სიტყვებით, წინადადებებით თუ შინაარსით ეძებენ ბიბლიოთეკაში წიგნს და რა სისტემას იყენებს ბიბლიოთეკა მომხმარებლებისთვის არჩევანის შესათავაზებლად. მაგალითად, ცნობილია, რომ დეტექტიური ჟანრის მოყვარულები სასურველი წიგნების ძიების დროს ყველაზე ხშირად სიტყვა “მკვლელობას” იყენებენ. მას შემდეგ, რაც თქვენ ამ ინფორმაციას გაიგებთ, თქვენს რომანს “პენტჰაუსის საიდუმლოებას” აღარ დაარქმევთ, არამედ მას უწოდებთ “მკვლელობა პენტჰაუსში”, რაც გაცილებით გაზრდის შანსს, რომ მკითხველებს სწორედ თქვენი რომანი ჩაუვარდეთ ხელში.

შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: კი მაგრამ, თუკი ადამიანები ამ სიტყვით ეძებენ დეტექტიურ რომანებს, ეს ხომ სხვა მწერლებსაც ეცოდინებათ? — რაზეც გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, ეცოდინებათ. სწორედ ამიტომ, არსებობს დამატებითი კომპონენტები, რომლებიც სწორედ თქვენს რომანს მიანიჭებს უპირატესობას და არა სხვა მწერლის მიერ დაწერილს. ამის შესახებ შემდეგ ქვესათაურში ვისაუბრებთ.

ახლა ჩვენი მსჯელობა გადმოვიტანოთ ინტერნეტისა და ბიზნესის მიმართებაში და ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფლობთ ტექნიკის მაღაზიას, რომელიც სმარტფონებს, ლეპტოპებს, ყურსასმენებსა და ფოტოაპარატებს ყიდის. ასეთი მაღაზიები ქვეყანაში უამრავია, რაც თქვენს საქმეს კიდევ უფრო მეტად ართულებს. იმისთვის, რომ Google-სა თუ სხვა საძიებო სისტემებში მომხმარებლებმა სწორედ თქვენ მოგაგნოთ, საჭიროა, რომ ყველა თქვენი პროდუქტის სახელწოდება და მახასიათებლები (ე.წ. Keywords) საძიებო სისტემის ალგორითმთან იყოს ინტეგრირებული. მაგალითად, მომხმარებელი შესაძლოა ეძებდეს ყურსასმენებს, მაგრამ ზოგიერთი მომხმარებელი ეძებდეს „ხარისხიან ყურასმენებს“, ზოგიერთი კი – „იაფ ყურსასმენებს“. თქვენი საქმეა, რომ თითოეული შესაძლო საძიებო სიტყვა ალგორითმთან გქონდეთ ინტეგრირებული.

როგორია საძიებო სისტემების ალგორითმები?

ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ზუსტი პასუხი სჭირდება. ამ ქვეთავში ჩვენ შევეცდებით მარტივად ავხსნათ, საძიებო სისტემა კონკრეტულ კომპანიებს თუ პროდუქტებს როგორ ანიჭებს უპირატესობას  და  სხვებს უფრო ქვემო საფეხურზე რატომ ტოვებს.

საძიებო სისტემების ალგორითმები საუკეთესო შედეგების მოსაძიებლად შემდეგ კომპონენტებს აქცევს ყურადღებას:

  • სიტყვები;
  • სათაურები;
  • ლინკები და გალინკული სიტყვები;
  • რეპუტაცია;

განვმარტოთ თითოეული კომპონენტი და, ამის შემდეგ, ყველაფერი უფრო იოლად გასაგები გახდება.

სიტყვები – საძიებო სისტემები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტში არსებულ ყველა საიტს თუ გვერდს თავიდან ბოლომდე კითხულობს, შესაბამისად ყველა ის სიტყვა იცის, რომელიც მასშია გამოყენებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ვინმე გუგლში „იაფ ყურსასმენებს“ ჩაწერს, საძიებო სისტემა მხოლოდ იმ გვერდებს მოძებნის, რომელშიც ეს სიტყვებია გამოყენებული.

სათაურები – ინტერნეტში ნებისმიერ გვერდს აქვს „ოფიციალური“ სათაური, რომელსაც საძიებო სისტემები დიდ ყურადღებას აქცევს. ასეთი ტიპის სათაურები შესაძლოა საიტზე არც კი ჩანდეს, რადგან ის HTML კოდშია ინტეგრირებული. მათი „მიზანია“იმ კონტენტის ერთგვარი შეჯამება, რომელიც ამ გვერდზეა განთავსებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის წიგნის სათაურს ჰგავს, რომელიც დაწერილ ამბავს რამდენიმე სიტყვაში აერთიანებს.

ლინკები და გალინკული სიტყვები – იმისთვის, რომ საძიებო სისტემა თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს პრიორიტეტად მიიჩნევდეს, საჭიროა რეკომენდაციას სხვა საიტებიც გიწევდეთ. ამ შემთხვევაში, რეკომენდაციის როლს ლინკები ასრულებს. მაგალითად, თუკი რომელიმე მედიასაშუალება თქვენ შესახებ სტატიას დაწერს და თან მკითხველებს მოუთხრობს, რომ საუკეთესო ტექნიკის მაღაზია თქვენია, ამ ნაწილს კი თქვენი საიტის სახელს და ლინკს დაურთავს, მაშინ საძიებო სისტემაში მოწინავე ადგილებზე აღმოჩნდებით. რაც მეტი საიტი გაგიწევთ რეკომენდაციას, მით უფრო დიდი შანსია, რომ მომხმარებლები სწორედ თქვენით დაინტერესდნენ. ასევე მუშაობს გალინკული სიტყვები – თუკი სხვადასხვა საიტები დაწერენ, რომ „ამ მაღაზიაში საუკეთესო ყურსასმენებია“, სიტყვა „ყურსასმენებს“ კი თქვენი საიტის ლინკს დაურთავს, მაშინ საძიებო სისტემა პრიორიტეტულად სწორედ თქვენ ჩაგთვლით.

რეპუტაცია – საძიებო სისტემები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ საიტების რეპუტაციას, რომელიც თქვენი მისამართის ლინკს იყენებს. იმ საიტებს, რომლებსაც სტაბილურად ბევრი მომხმარებელი ჰყავს, დიდი რაოდენობით კონტენტს ქმნის, კარგი გამოხმაურება აქვს და მომხმარებელზე ორიენტირებულია,  საძიებო სისტემაში მოწინავე ადგილების დასაკავებლად გაცილებით მეტი შანსი აქვთ. რეპუტაცია თქვენს ვებგვერდსაც უნდა ჰქონდეს, რომელზეც საკუთარ სერვისსა თუ პროდუქტს განათავსებთ. ამისათვის საჭიროა, რომ ის მუდმივად აქტიური და განახლებადი იყოს, ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავდეს და კონტენტს ქმნიდეს.

როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის?

მას შემდეგ, რაც დარწმუნდით, რომ SEO თანამედროვე ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია, დროა დაფიქრდეთ მის გამოყენებაზე. იმისთვის, რომ საძიებო სისტემებში ინტეგრაცია წარმატებით შეძლოთ, ამ ტიპის ოპტიმიზაციის უფრო სიღრმისეული ცოდნაა საჭირო. რა თქმა უნდა, თქვენ თავადაც შეგიძლიათ სცადოთ და ცოდნა გაიღრმავოთ, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ისეთ ადამიანებს დაიქირავებთ, რომლებიც ამ მიმართულებით არიან სპეციალიზებული. ასეთი კადრის ყოლა თქვენს ბიზნესს  წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება, რადგან თქვენ იქნებით პირველი, ვის პროდუქტსაც მომხმარებლები პირველ რიგში შეხვდებიან.

SEO-ს სპეციალისტი შეისწავლის ყველაზე ხშირად გამოყენებულ საძიებო სიტყვებს, მოძებნის შესაბამის პარტნიორ საიტებს, რომლებიც თქვენი მისამართის ინტეგრაციაში დაგეხმარებიან, განსაზღვრავს კონტენტს, მისი განთავსების პოლიტიკასა და კამპანიას, შეისწავლის შედეგების ანალიტიკას და გაყიდვების გაზრდაში დაგეხმარებათ.

ავტორი: დიმიტრი სანაია

სტატია აღებულია: https://www.tbcbusiness.ge/ka/business/ganaTleba/SEO

მოიწონეთ ჩვენი FB გვერდი


This will close in 10 seconds